English / ქართული / русский /
ანზორ აბრალავარუსუდან ქუთათელაძე
სახელმწიფო ინტეგრაციული პოლიტიკის ფაქტორული კლასიფიკაცია

ანოტაცია. თანამედროვე პერიოდში წარმოიშვა ინტეგრაციის ახალი დონე. იგი განიხილავს არა მარტო ქვეყნების ინტეგრაციას, არამედ ეროვნული მეურნეობის რეგიონებს. საჭიროა განვასხვავოთ ერთმანეთისაგან ქვეყნების ინტეგრაციისა და რეგიონების ინტეგრაციისპ როცესები. რეგიონების განვითარების დონე დამოკიდებულია როგორც ეგზოგენურ, ასევე ენდოგენურ ფაქტორებზე, რომლებიც ხელს უწყობს რეგიონების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და ეკონომიკური ინტეგრაციის ობიექტურ წანამძღვრებს შეადგენს. მნიშვნელოვანიას ახელმწიფოს ინტეგრაციული პოლიტიკის ფაქტორების კლასიფიკაცია.

საკვანძო სიტყვები: ინტეგრაცია, სავაჭრო და საინვესტიციო ლიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობის ზონა, დარგობრივი და ტერიტორიული სტრუქტურა, სუბსიდირება.

* * *

საქონლისა და მისი წარმოებისათვის საჭირო ფაქტორების საერთაშორისო მოძრაობის განვითარება ინტეგრაციული პროცესების გაღრმავებას იწვევს, რაც გულისხმობს ქვეყნებს შორის უფრო მეტად საიმედო საწარმოო-სარეალიზაციო კავშირების არსებობას, საერთაშორისო ვაჭრობასა და წარმოების ფაქტორებთან დაკავშირებული  მრავალრიცხოვანი დაბრკოლებების მოხსნას. ეს შესაძლებელია მხოლოდ ისეთი სახელმწიფოთაშორისო ინტეგრაციული გაერთიანების ფარგლებში, რომელიც მრავალმხრივ პოლიტიკურ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს ეყრდნობა.

ეკონომიკური ინტეგრაცია არის ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთზემოქმედების პროცესი, რომელიც ერთმანეთთან აახლოვებს მათ სამეურნეო მექნიზმებს სახელმწიფოთაშორისო შეთანხმებების საფუძველზე და სახელმწიფოთაშორისი ორგანოების მიერ რეგულირდება. ინტეგრაციის წარმატებული განვითარებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წანამძღვრები:

 1) ინტეგრირებული ქვეყნების საბაზრო სიმწიფის ხარისხის და ეკონომიკური განვითარების დონის სიახლოვე.

2) ინტეგრირებული ქვეყნების გეოგრაფიული სიახლოვე, ხშირ შემთხვევაში საერთო საზღვრები და ისტორიულად ჩამოყალიბებული ეკონომიკური კავშირები.

 3) საერთო ეკონომიკური და სხვა პრობლემები განვითარების, ფინანსების, ეკონომიკის რეგულირების და პოლიტიკური თანამშრომლობის სფეროებში. ეკონომიკური ინტეგრაცია მოწოდებულია, გადაჭრას იმ კონკრეტული პრობლემების ნაკრები, რომელიც რეალურად დგას ინტეგრაციაში მონაწილე ქვეყნების წინაშე. ამ მიზეზით ის ქვეყნები, რომელთა მთავარი პრობლემაც საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბებაა, ვერ ინტეგრირდებიან იმ სახელმწიფოებთან, რომელთა ბაზრის განვითარებაც ერთიანი ვალუტის შემოღებას მოითხოვს;

4) დემონსტრაციული ეფექტი – ქვეყნებში, რომლებიც ქმნიან ინტეგრაციულ დაჯგუფებებს, დადებითი ეკონომიკური ძვრები მიმდინარეობს, რაც თავისებურ ფსიქოლოგიურ ზეგავლენას ახდენს სხვა ქვეყნებზე, რომელნიც თვალყურს ადევნებენ მიმდინარე ცვლილებებს;

 5) “დომინოს ეფექტი”. მას შემდეგ, რაც ამა თუ იმ რეგიონის ქვეყნები ქმნიან ინტეგრაციულ დაჯგუფებებს, მის ფარგლებს გარეთ დარჩენილი ქვეყნები გარდაუვლად განიცდიან სიძნელეებს, რაც გამომდინარეობს ინტეგრაციის წევრი ქვეყნების ორიენტაციის შეცვლიდან, ეს კი იწვევს ამ ქვეყნებთან ეკონომიკური კავშირების შესუსტებას. პრობლემის თავიდან ასაცილებლად არაწევრი ქვეყნები ინტერესდებიან ინტეგრაციულ გაერთიანებაში ჩართვის საკითხით.

თანამედროვე საერთაშორისო ეკონომიკაში აღმოცენებული ინტეგრაციული დაჯგუფებები მიზნად ისახავენ მსგავსი ამოცანების გადაჭრას: 1. ეკონომიკური მასშტაბის უპირატესობებით სარგებლობა, რაც ნიშნავს ბაზრის მასშტაბების გაფართოებას, დანახარჯების შემცირებას და სხვა უპირატესობების გამოყენებას ეკონომიკის მასშტაბის თეორიის საფუძველზე; 2. ხელსაყრელი საგარეო-პოლიტიკური გარემოს შექმნა; 3. სავაჭრო პოლიტიკის ამოცანების გადაწყვეტა. რეგიონული ინტეგრაცია ხშირად გვევლინება, როგორც მონაწილე ქვეყნების პოზიციათა გამყარების საშუალება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის სავაჭრო შეთანხმების ფარგლებში. რეგიონული ბლოკის საშუალებით იქმნება უფრო ხელსაყრელი პირობები ურთიერთშორის ვაჭრობაში, ვიდრე მრავალმხრივი სავაჭრო შეთანხმებების დროს; 4. ეკონომიკის სტრუქტურულ გარდაქმნაზე ზემოქმედება; 5. ეროვნული მრეწველობის ახალგაზრდა დარგების მხარდაჭერა.

საერთაშორისო ეკონომიკაში ინტეგრაციის ეფექტი ფასდება იმის მიხედვით, თუ რა შედეგს გვაძლევს ქვეყნების ეკონომიკური გაერთიანება: მივყავართ თუ არა მას თავისუფალი ვაჭრობისკენ და პირიქით, რამდენად ზღუდავს სავაჭრო ნაკადებს. ვაჭრობისა და ტარიფების შესახებ გენერალური შეთანხმების (გათთ) თანახმად, უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმის პირობებში შესაძლებელია საბაჟო კავშირის და თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნა. წესების მიხედვით, ინტეგრაციული დაჯგუფების შექმნამდე შესაძლებელია გარდამავალი მოლაპარაკებების წარმოება, რომელმაც უნდა მოამზადოს საფუძველი საბაჟო კავშირის შესაქმნელად.

1990-ანი წლების დასაწყისში მსოფლიო ბანკის სპეციალისტებმა ჩამოაყალიბეს კრიტერიუმების ნუსხა, რომლის მიხედვითაც შეისწავლება ინტეგრაციული დაჯგუფებების ეფექტიანი ფუნქციონირების ხარისხი საერთაშორისო ეკონომიკის ინტერესებთან მიმართებაში: 1. რეგიონულმა შეთანხმებებმა ეკონომიკის ყველა დარგი უნდა მოიცვას გამონაკლისის გარეშე; 2. გარდამავალი პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 10 წელზე მეტ ხანს და უნდა შედგეს ვაჭრობის ლიბერალიზაციის მკვეთრად განსაზღვრული გრაფიკი; 3. უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმის პირობებში ვაჭრობის ლიბერალიზაცია წინ უნდა უსწრებდეს ან თან უნდა სდევდეს ნებისმიერი ახალი ინტეგრაციული დაჯგუფების ჩამოყალიბებას, განსაკუთრებით მაშინ, თუ საწყისი ტარიფები საკმაოდ მაღალია; 4. საბაჟო კავშირის ფარგლებში შემოღებული ერთიანი საბაჟო ტარიფი არ უნდა აღემატებოდეს ყველაზე მცირე ტარიფს შესაბამის დარგში; 5. ინტეგრაციულ დაჯგუფებებში ახალი წევრების მიღების წესები ლიბერალური უნდა იყოს და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს გაერთიანების გაფართოებას; 6. საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრა უნდა იყოს გამჭვირვალე და არ უნდა წარმოადგენდეს პროტექციონიზმის იარაღს დაჯგუფების შიგნით; 7. აუცილებელია, ინტეგრაციული დაჯგუფების დაბალი ფორმებიდან დროულად მოხდეს გადასვლა განვითარების მაღალ ფორმებზე, რაც უზრუნველყოფს წარმოების ფაქტორთა რაციონალურ გადანაწილებას და გამოყენებას; 8. ინტეგრაციული გაერთიანების ჩამოყალიბების შემდეგ ანტიდემპინგური წესები იკრძალება, ხოლო არაწევრ ქვეყნებთან ურთიერთობაში მკაცრად უნდა იყოს განსაზღვრული ვაჭრობის წესი.

ეკონომიკური ინტეგრაციის თეორიის ფუძემდებლად გვევლინება კანადელი მეცნიერი ჯეკობ (იაკობ) ვაინერი, რომელმაც ანალიზის საფუძველში ჩადო ქვეყნებს შორის ვაჭრობის მოცულობის შედარება ინტეგრაციაში გაწევრიანებამდე და გაწევრიანების შემდგომ. ვაინერის მიხედვით, საბაჟო კავშირის შექმნის შედეგად არსებობს ეკონომიკაში მოსალოდნელი ეფექტების ორი სახე: სტატიკური და დინამიკური. სტატიკური ეფექტი არის ეკონომიკური შედეგი, რომელიც ვლინდება ინტეგრაციული დაჯგუფების შექმნის ადრეულ ეტაპზე მისი უშუალო შედეგის სახით. დინამიკური ეფექტი არის ეკონომიკური შედეგი, რომელიც ვლინდება ინტეგრაციული დაჯგუფების შექმნის გვიანეულ ეტაპზე, როგორც დაჯგუფების ფუნქციონირების შედეგი.

რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის ჩარჩოებში მრავალმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის საფუძველზე განხორციელებული სამეურნეო ორგანიზაციული რეგულირება წევრი ქვეყნების ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესს უწყობს ხელს. ეკონომიკური ინტეგრაცია მიზნად ისახავს ბაზრების გაფართოებისა და ვაჭრობის დისკრიმინაციის აღმოფხვრის საფუძველზე სხვადასხვა სახელმწიფოს ეკონომიკურ სუბიექტებს შორის განსხვავების წაშლას. ეკონომიკური ინტეგრაციის ხარისხი დამოკიდებულია ეკონომიკური თანამშრომლობის ფორმებზე.

თანამედროვე პირობებში საერთაშორისო ვაჭრობის 60%-ზე მეტი ხორციელდება თავისუფალი ვაჭრობის მოქმედი ან დაგეგმილი რეგიონული მექანიზმების ჩარჩოებში. რეგიონული ეკონომიკური ორგანიზაციებისა და დაჯგუფებების ფარგლებში ხორციელდება ვაჭრობის ლიბერალიზაციის პროცესი, რომელიც 1940-ანი წლების ბოლოს დაიწყო და, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის პოზიციების გამყარების  მიუხედავად, დღემდე აქტიურად ვითარდება. რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის განსხვავებული ფორმები რეგიონული ორგანიზაციების და დაჯგუფებების ჩარჩოებში ურთიერთკავშირების სახეებსა და ხარისხს ახასიათებს.

სრული ეკონომიკური ინტეგრაციის პირობებში ფულად-საკრედიტო და სოციალური პოლიტიკის, ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის, დაბეგვრის სისტემის უნიფიცირება ხდება; იქმნება ზენაციონალური ორგანოები, რომელთა გადაწყვეტილებებიც სავალდებულოა ეკონომიკური კავშირის ყველა წევრისთვის. ეკონომიკური კავშირი აგრეთვე გულისხმობს პოლიტიკური ინტეგრაციის განსაზღვრულ დონეს, მაგალითად, ევროპარლამენტის დაფუძნება ევროპის პოლიტიკური გაერთიანებისკენ წინ გადადგმული ნაბიჯი იყო, რაც ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ეკონომიკური ინტეგრაცია.

ეკონომიკური ინტეგრაცია ხელს უწყობს რესურსების გადანაწილების ეფექტიანობის ამაღლებას, გავლენას ახდენს წარმოებისა და მოხმარების სტრუქტურაზე, უზრუნველყოფს ეკონომიას, რომელიც განპირობებულია ცალკეული ფირმების წარმოების მასშტაბების ზრდით, გარდა ამისა, კონკურენციის გაძლიერების ხარჯზე იზრდება წარმოების ეფექტიანობა, რაც, თავის მხრივ, იწვევს მწარმოებელი ფირმების გაფართოებას შთანთქმისა და შერწყმის გზით. საბოლოოდ, ეკონომიკურ ინტეგრაციას მივყავართ რეგიონული სამეურნეო კომპლექსების შექმნისაკენ.

ხხ საუკუნის 90-იანი წლებიდან დაიწყო ქვეყნების ჯგუფებს შორის მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებების გაფორმება. დღეისათვის ვმო-ის (ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის)  თითქმის ყველა წევრი ქვეყანა ერთი ან რამდენიმე რეგიონული შეთანხმების წევრია.

რეგიონული ლიბერალიზაცია თავისთავად არ წარმოადგენს მრავალმხრივი სისტემის მომხრეთა შეშფოთების მიზეზს, რეგიონულმა ინიციატივებმა შეიძლება არსებითი წვლილი შეიტანოს მრავალმხრივი წესებისა და ვალდებულებების განვითარებაში, ძლიერი იმპულსი მისცეს ეროვნულ მეურნეობებში ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას უფრო ფართო ეკონომიკური სივრცის ფარგლებში, თუმცა აუცილებელია მტკიცე ვალდებულებებით გამყარებული პრინციპების მკვეთრი ფორმულირება. ეს უკანასკნელი თავიდან აგვაცილებს რეგიონული სქემების გარდაქმნას მრავალმხრივი სისტემის დამანგრეველ ცენტრიდანულ ძალებად. ამ პრობლემის გადაწყვეტა კი შეიძლება „ღია რეგიონალიზმის“ პრინციპის გატარებით, კერძოდ:

1. პრეფერენციული ვაჭრობის ყოველი რეგიონული ზონა უნდა შეესაბამებოდეს მრავალმხრივი სისტემის სამართლებრივ მოთხოვნებს; 2. რეგიონული გაერთიანებების წევრი ქვეყნების ურთიერთშემხვედრ ვაჭრობაში სავაჭრო ბარიერების თანდათანობითი აღმოფხვრა უნდა ხორციელდებოდეს ზუსტად შესაბამის მოცულობასა და ვადებში. აღნიშნული პირობების საფუძველზე რეგიონული ლიბერალიზაცია შესაბამისობაში მოვა უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმის პირობებთან.

რეგიონული ეკონომიკური ორგანიზაციების საქმიანობის ძირითადი მიმართულებები მდგომარეობს შემდეგში: წევრი ქვეყნების ეკონომიკის განვითარებაში შეთანხმებული მოქმედება მდგრადი ზრდის ტემპების, საქონლისა და კაპიტალის თავისუფალი მოძრაობის უზრუნველსაყოფად; ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი დარგების განვითარების გეგმებისა და პერსპექტივების კოორდინირება მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, ფინანსების, ტრანსპორტისა და სხვა სფეროებში; ეკონომიკური დაჯგუფებებისა და ცალკეული ქვეყნების ფარგლებში ინვესტიციური და ინოვაციური საქმიანობის სფეროში თანამშრომლობა – ცალკეული ფირმების დონეზე მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა; კაპიტალისა და სამუშაო ძალის თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფა; საკუთრების უფლებისა და ბიზნესის წარმოების თავისუფლების დაცვა.

ეკონომიკური დაჯგუფების ჩარჩოებში მეწარმეობის რეგულირება ხორციელდება ორგანიზაციული სტრუქტურების სხვადასხვა დონეზე. უმაღლეს დონეზე –  ქვეყნების უმაღლეს ხელისუფალთა შეხვედრებისა და ეკონომიკური პოლიტიკის კოორდინაციის გზით; მინისტრების დონეზე – ფუნქციონალური საკითხების გადაწვეტა შესაბამის სფეროებში; კომიტეტებისა და სამუშაო ჯგუფების დონეზე – სამეურნეო საქმიანობის რეგულირების კონკრეტული საკითხების გადაწყვეტის გზით; ფირმების დონეზე – მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის გზით.

სამეურნეო ინტეგრაცია, როგორც საერთაშორისო ბიზნესის ორგანიზაციის ფორმა, აისახება სახელმწიფო პოლიტიკაში და რეალიზდება საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციების საქმიანობაში.

რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის ურთიერთდაკავშირებული სისტემა ეყრდნობა ისეთ მნიშვნელოვან ორგანიზაციებს, როგორიცაა გაეროს სისტემის სპეციალიზებული ორგანიზაციები, რეგიონული ორგანიზაციები, განვითარების ფონდები და რეგიონული ბანკები, მათ შორის განვითარების ამერიკათაშორისი ბანკი (1949), განვითარების აფრიკული ბანკი (1964), განვითარების აზიური ბანკი (1966) და სხვ. განვითარების რეგიონული ბანკების დამახასიათებელი ნიშნებია საერთო მიზნების და დაფინანსების მსგავსი მეთოდების არსებობა.

საყოველთაოდ მიღებული მიდგომების შესაფერისად, რეგიონები არ წარმოადგენს ინტეგრაციის ეკონომიკურ სუბიექტებს, არ შეუძლიათ დამოუკიდებელი ეკონომიკური არჩევანის გაკეთება. ამას ახორციელებენ ფირმები სახელმწიფო კორპორაციათაშორისი (მიკროდონე) და სახელმწიფო (მაკროდონე) ინტეგრაციის დონეზე.

გთავაზობთ მიდგომას, რომელიც ასაბუთებს ინტეგრაციის ახალი დონის წარმოშობას, რომელიც, თავის მხრივ, განიხილავს არა მარტო ქვეყნების ინტეგრაციას, არამედ ეროვნული მეურნეობის რეგიონებს გლობალიზაციის პირობებში. იგი გვიჩვენებს  განსხვავებას ქვეყნების ინტეგრაციისა და რეგიონების ინტეგრაციის პროცესებს შორის (ცხრილი 1)

ცხრილი 1

ქვეყნების ინტეგრაციისა და რეგიონების ინტეგრაციის პროცესებს შორის განსხვავება

ქვეყნების ინტეგრაცია

რეგიონების ინტეგრაცია

1. ხორციელდება მაკროდონეზე, ქვეყნებს შორის დონეზე, ეროვნული მეურნეობის დონეზე.

2. სახელმწიფოთაშორისი ინტეგრაცია.

3. თან ახლავს მართვის ზეეროვნული ორგანოების შექმნა.

4. გადის განვითარების ოთხ ეტაპს: სავაჭრო, ეკონომიკური, სავალუტო და პოლიტიკური ინტეგრაციის.

5. მთავარი მიზანია:  სრული სავალუტო-პოლიტიკური ინტეგრაცია.

6. ინტეგრირებული ქვეყნების ერთიანი ეკონომიკური სივრცის შექმნა მეურნეობის ერთიანი ერთობლივი დარგობრივი და ტერიტორიული სტრუქტურით.

 

1. ხორციელდება მეზოდონეზე, რეგიონთაშორისი, მსოფლიო ქვეყნების რეგიონებს შორის, რეგიონული მეურნეობის დონეზე, როგორც ეკონომიკის დამოუკიდებელი სუბიექტი.

2. კერძო-კორპორაციული ინტეგრაცია.

3. არ გულისხმობს მკაცრ ზეეროვნულ მართვას, დეცენტრალიზებულ მართვას;

4. ბაზირების საფუძველს წარმოადგენს სავაჭრო და ეკონომიკური კავშირი, მაგრამ სავალუტო და პოლიტიკური ინტეგრაცია პრინციპულად შეუძლებელია

5. ძირითადი მიზანია: რეგიონული ვაჭრობის და ინვესტიციის წესების განსაზღვრა, სავაჭრო და საინვესტიციო ლიბერალიზაციის შესაბამისობა

6. თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნა, თავისუფალი ინვესტიციების ზონის, პირდაპირი უცხოური ინვესტირება, „ქსელური“ თანამშრომლობა თითოეული რეგიონის შესაძლებლობის გათვალისწინებით

 

ამრიგად, რეგიონი (მეზოდონე) უცხოური კაპიტალით დაფინანსებული საწარმოს განთავსებისას ერთვება ინტეგრაციის პროცესში. საერთაშორისო ინტეგრაციულ პროცესში რეგიონის ჩართვის ხარისხი და სიღრმე პირდაპირაა დამოკიდებული რეგიონის განვითარების დონეზე, რომელიც, თავის მხრივ, დაკავშირებულია ქვეყნის საინოვაციო და საინვესტიციო პროცესებთან: რეგიონებს შორის ფინანსური რესურსების განაწილება, რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური ნიველირება, კაპიტალური სახელმწიფო დაბანდებები მსხვილ ინდუსტრიულ და სოციალურ პროექტებში და ა.შ. ჩვენი აზრით, რეგიონების განვითარების დონე დამოკიდებულია როგორც ეგზოგენურ, ასევე ენდოგენურ ფაქტორებზე, რომლებიც ხელს უწყობს რეგიონების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და ეკონომიკური ინტეგრაციის ობიექტურ წანამძღვრებს შეადგენს (ცხრილი 2).

ცხრილი 2

სახელმწიფო ინტეგრაციული პოლიტიკის ფაქტორების კლასიფიკაცია

 

მასტიმულირებელი ინსტრუმენტები

შემზღუდველი ინსტრუმენტები

რეგიონის განვითარების ეგზოგენური ფაქტორები

- საგარეო ვაჭრობის განვითარება (საექსპორტო-საიმპორტო ოპერაციები);

- უცხოური კაპიტალის მოზიდვა, საწარმოს შექმნა უცხოური ინვესტიციებით;

- საფინანსო, საბანკო სფეროს განვითარება;

- სახელმწიფო სუბსიდირება;

- სახელმწიფო შეკვეთა (სახელმწიფო შესყიდვები);

- კერძო-კორპორაციული ინტეგრაციის სტიმულირება.

- ახალი სამრეწველო საწარმოების მშენებლობის აკრძალვა და არსებულის გაფართოება;

- სამრეწველო განვითარების „სერტიფიკატების“ შემოღება;

- სამართლებრივი ნორმების გამკაცრება მიწათსარგებლობის, ქალაქთმშენებლობის, გარემო ბუნების დაცვის სფეროში;

- სუბსიდიები მრეწველობის დეცენტრალიზაციისათვის.

რეგიონის განვითარების ენდოგენური ფაქტორები

-   სპეციალური ეკონომიკური ზონების, ინდუსტრიული პარკების  შექმნა;

-   რეგიონის მეწარმეებისთვის სხვადასხვა პრეფერენციების (საბაჟო, საგადასახადო, ადმინისტრაციული), შეღავათიანი კრედიტების, დაჩქარებული ამორტიზაციის პირობების შეთავაზება;

-   საქმიანი და სოციალური პარტნიორობის ფორმირება;

-  გადაჭარბებულ აგლომერაციებში მიწის ნაკვეთების იჯარაზე საგადასახადო განაკვეთების ზრდა;

-  გადასახადების ზრდა მიწათსარგებლობისათვის (წყლით სარგებლობისათვის);

-  საწარმოს მშენებლობისათვის გადასახადის შემოღება;

-  აკრძალვები, ჯარიმები, ნებართვები;

 

რეგიონული განვითარების მასტიმულირებელი ინსტრუმენტების გამოყენება შესაძლებელია როგორც პოლარიზებული, ასევე გამაწონასწორებელი სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის შემთხვევაში. განსხვავება მდგომარეობს მხოლოდ არჩევითი ზემოქმედების ობიექტებში: პოლარიზებული რეგიონული პოლიტიკა მიმართულია ეგრეთ წოდებული „ზრდის ტერიტორიული პოლუსების“ განვითარების სტიმულირებაზე, გამაწონასწორებელი რეგიონული პოლიტიკის გამოყენებისას სტიმულირების ობიექტად გამოდიან აგრეთვე დეპრესიული (ჩამორჩენილი) რეგიონები.

 რაც უფრო მაღალი იქნება ქვეყნების და რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონე, მით უფრო მარტივად წარიმართება ინტეგრაციის პროცესი, და პირიქით, დეპრესიულ ქვეყნებსა და რეგიონებში ინტეგრაციის გზაზე იარსებებს წინააღმდეგობები: ეკონომიკის სუსტი კომპლემენტარულობა, სტრუქტურული ცვლილებების აუცილებლობა, განუვითარებელი ინფრასტრუქტურის სიმრავლე, განსხვავებული განვითარების დონისა და პოტენციალის არსებობა, პოლიტიკური არასტაბილურობა.

ამრიგად, როცა ეროვნულ ეკონომიკაში ჩნდება ინტეგრაციის ზონები - მკვეთრად განვითარებული რეგიონები, რომლებიც ფლობენ მნიშვნელოვან საინვესტიციო და სოციალურ-ეკონომიკურ პოტენციალს უმნიშვნელო ეკონომიკური და პოლიტიკური რისკებით, აქვთ ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა, ტრანსნაციონალური კაპიტალის მიმზიდველი ბაზარი, მაშინ უფრო ეფექტურად ხორციელდება ეროვნული სისტემის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროცესი. 

დასკვნა

რეგიონი (მეზოდონე) უცხოური კაპიტალით დაფინანსებული საწარმოს განთავსებისას ერთვება ინტეგრაციის პროცესში. საერთაშორისო ინტეგრაციულ პროცესში რეგიონის ჩართვის ხარისხი და სიღრმე პირდაპირაა დამოკიდებული (დაკავშირებული) რეგიონის განვითარების დონეზე, რომელიც, თავის მხრივ, დაკავშირებულია ქვეყნის საინოვაციო და საინვესტიციო პროცესებთან: რეგიონებს შორის ფინანსური რესურსების განაწილება, რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური ნიველირება, კაპიტალური სახელმწიფო დაბანდებები მსხვილ ინდუსტრიულ და სოციალურ პროექტებში და ა.შ. ჩვენი აზრით, რეგიონების განვითარების დონე დამოკიდებულია როგორც ეგზოგენურ, ასევე ენდოგენურ ფაქტორებზე, რომლებიც ხელს უწყობს რეგიონების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და ეკონომიკური ინტეგრაციის ობიექტურ წანამძღვრებს წარმოადგენს. 

 გამოყენებული ლიტერატურა

  1. აბრალავა ა., ეკონომიკისა და ბიზნესის გლობალურ-ინოვაციური პრობლემები. თბ., 2014.
  2. Regional Autonomy and International Relations / Ed. A. Pacheco. - Paris, L'Harmattan, 2011. - 329 p.
  3. Schiff M. Regional integration and development. Washington: World Bank, 2003.-321 p.
  4. Whose World Order?: Uneven Globalization and the End of the Cold War / N.N. Holm, G. Sorensen (eds.). Boulder; San Francisco; Oxford, 1995. - 90 p.
  5. Гранберг А. Г. Проблемы стратегии территориального развития России. М.:СОПС,2007.-145с.
  6. WTO Discussion Papers, WTO, N2, Improving Availability of Trade Finance during Financial Crisis, 2009 – III
  7. WTO Discussion Papers, WTO, N1, Industrial Tariffs and the Doha Development Agenda, 2009-I